სასარგებლო
თუ გსურთ, თქვენმა სამკაულებმა პირვანდელი ბრწყინვალება დიდხანს შეინარჩუნონ, გაითვალისწინეთ შემდეგი:
მოიხსენით სამკაულები საოჯახო საქმიანობისას (განსაკუთრებით მაშინ, როცა სარეცხ და სახეხ საშუალებებს იყენებთ ან შრომობთ ფიზიკურად) და ხელისა და სახის ნელსაცხებლების გამოყენებისას;
აბაზანაში, საშხაპეში, საუნაში, საცურაო აუზზე, სამკურნალო აბაზანის მიღებისას სამკაულებს თან ნუ იქონიებთ! ნესტი უარყოფითად მოქმედებს საიუველირო ნაწარმზე;
ბუნებრივი ქვებითა და ბრილიანტებით დამზადებულ ნაკეთობებს ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, მტვრის ან ცხიმის ნაწილაკებისა და მექანიკური ზემოქმედება მკვეთრად აზიანებს.
რამდენიმე რჩევა საიუველირო ნაწარმის მოსავლელად:
ოქროს სამკაულებს ბრწყინვალება დაუბრუნდება, თუ მათ:
2-3 საათის განმავლობაში დამტკბარ წყალში მოათავსებთ (ხსნარის მისაღებად, 1 ჩაის კოვზი შაქარი 1 ჩაის ჭიქა წყალში გახსენით) და შემდეგ რბილი ნაჭრით გაამშრალებთ.
1-2 საათით ხახვის წვენში დატოვებთ, გამდინარე წყალში გაავლებთ და გაამშრალებთ.
10-15 წუთით 5-10 წვეთი ნიშადურის სპირიტის შემცველ საპნის ხსნარში მოათავსებთ, გაავლებთ და გაამშრალებთ.
ძეწკვების გასარეცხად სითხე ბოთლში ჩაასხით და სამკაულთან ერთად შეანჯღრიეთ.
მოოქროვილი ნივთები სპირტში დასველებული ბამბით გაწმინდეთ.
ვერცხლით დამზადებულ სამკაულებს ბრწყინვალება დაუბრუნდება, თუ მათ:
გაწმენდთ ცარცის ფხვნილით;
გარეცხავთ თბილ სოდიან წყალში (ხსნარის მისაღებად, 50 გრამი სოდა ერთ ლიტრ წყალში გახსენით) ან საპნის ხსნარში, რომელსაც დამატებული ექნება ნიშადურის სპირიტი (1 სუფრის კოვზი სპირტი ერთ ლიტრ წყალში გახსენით), გაავლებთ გამდინარე წყალში და გაამშრალებთ.
მინანქრიან ვერცხლის ნივთებს ნიშადურის სპირტხსნარით ნუ გაწმენდთ!
ოქროსა და ვერცხლის სამკაულები თავდახურულ ზარდახშაში ცალ-ცალკე შეინახეთ. ნუ დატოვებთ ნივთებს მუყაოს კოლოფში. მუყაოს შემადგენლობაში არსებული გოგირდი თქვენს სამკაულებს ბრწყინვალებას დააკარგინებს.
ბრილიანტის ნაკეთობები ცალ-ცალკე შეინახეთ, რათა მათ ერთმანეთი არ დაფხაჭნონ.
ბრილიანტი კარგად იწმინდება თანაბარი რაოდენობის ნიშადურის სპირტისა და წყლის ნარევით. რბილი ფუნჯის დახმარებით გაწმენდილი ნაკეთობა ცივ წყალში გაავლეთ და რბილი ხელსაწმენდი ქაღალდით გაამშრალეთ.
ფერადი ბუნებრივი ქვები ულტრაიისფერ სხივებს მოარიდეთ. ქვებმა შესაძლოა ფერი დაკარგონ, გახუნდნენ.
ფერადი ქვების გასაწმენდად გამოიყენეთ 120 გრამი სოდით, 50 გრამი ქლორიანი კირით, 30 გრამი სუფრის მარილითა და 1,5 ლიტრი წყლით დამზადებული ხსნარი. გარეცხილი ნაკეთობა ცივ წყალში გაავლეთ და რბილი ქაღალდის ხელსაწმენდით გაამშრალეთ.
ორგანული წარმოშობის ფერადი ქვები – მარჯანი, ქარვა, სადაფი და სხვა პირდაპირ მზის სხივებსა და ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას მოარიდეთ. მათ გასაწმენდად მხოლოდ მშრალი რბილი ქსოვილი გამოიყენეთ.
მარგალიტის ნაკეთობები განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს. აუცილებელია მათი ცალკე მოთავსება. მძივები ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შეინახეთ. ნაკეთობების ხშირი ტარება ხელს შეუწყობს მათ გაპრიალებას. მარგალიტი კარგად იწმინდება კარტოფილის სახამებლით. გახსოვდეთ, მჟავა უარყოფითად მოქმედებს მარგალიტზე! ძმარმჟავაში მარგალიტი იხსნება!
ფირუზის სამკაულები არ გარეცხოთ, გაწმინდეთ მხოლოდ რბილი, მშრალი ნაჭრით. მცენარეული ზეთი ბუნებრივ ფირუზს “კლავს”, ხოლო ცხოველური აპრიალებს.
Share 



















